ტურისტების სავალდებულო დაზღვევა საქართველოში შემოსვლისას

2026 წლის 1 იანვრიდან საქართველომ შემოიღო ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის სავალდებულო მოთხოვნა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში შემოდიან ტურისტული მიზნით. შესაბამისი წესი დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით - „საქართველოში შემომსვლელი ტურისტების

ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“.
დადგენილი წესების შესაბამისად, ტურისტს უნდა გააჩნდეს მოქმედი სადაზღვევო პოლისი საქართველოში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში - სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მომენტიდან ქვეყნიდან გასვლამდე, თუმცა არაუმეტეს ერთი წლისა. სადაზღვევო დაფარვის მინიმალური ოდენობა განისაზღვრება არანაკლებ 30 000 ლარის ოდენობით და უნდა ფარავდეს სამედიცინო მომსახურებასთან და უბედური შემთხვევის გამო დამდგარ შედეგებთან დაკავშირებულ ხარჯებს.

სადაზღვევო პოლისი შეიძლება იყოს წარდგენილი როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური ფორმით და შედგენილი უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე. დასაშვებია როგორც საქართველოში რეგისტრირებული სადაზღვევო კომპანიების მიერ გაცემული, ასევე უცხო ქვეყნის სადაზღვევო ორგანიზაციების მიერ გაცემული პოლისების გამოყენება, იმ პირობით, რომ ასეთი ორგანიზაციები უფლებამოსილნი არიან განახორციელონ შესაბამისი სადაზღვევო საქმიანობა საკუთარი  კანონმდებლობის შესაბამისად.

დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლი ეკისრება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილ პირს ტურისტის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას, სასაზღვრო გამტარ პუნქტში. მოქმედი სადაზღვევო პოლისის არქონა შესაძლოა გახდეს ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძველი.

სავალდებულო დაზღვევის მოთხოვნა არ ვრცელდება დიპლომატიური, ოფიციალური, სამსახურებრივი ან სპეციალური პასპორტის მფლობელ პირებზე, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებზე, აგრეთვე იმ პირებზე, რომელთა შემოსვლა და ყოფნა საქართველოში რეგულირდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის საერთაშორისო სატვირთო და სამგზავრო გადაყვანების განმახორციელებელ მძღოლებზე.
რეკომენდაციები


უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის რეკომენდებულია წინასწარ უზრუნველყონ სადაზღვევო პოლისის გაფორმება დადგენილი მინიმალური დაფარვის ოდენობით და გადაამოწმონ მისი ფორმალური შესაბამისობა მოთხოვნებთან. ტუროპერატორებსა და ტურისტულ სააგენტოებისთვის მიზანშეწონილია განაახლონ ხელშეკრულებები, საინფორმაციო მასალები და კლიენტებისთვის განკუთვნილი ჩეკ-ლისტები. კომპანიებისთვის, რომლებიც მუშაობენ უცხოელი მოქალაქეების მოკლევადიან ვიზიტებთან (მათ შორის საქმიან ვიზიტებთან, რომლებიც არ უკავშირდება სასამსახურო საქმიანობას), რეკომენდებულია გაითვალისწინონ ახალი მოთხოვნები თანამშრომლებისა და კონტრაგენტების საქართველოში შემოსვლის დაგეგმვისას.


ავტორები: Melano Svanidze, Oksana Iashagyan.

დეტალებისთვის იურისტს მიწერა

იურისტს მიწერა