ინოვაციური სტარტაპების ახალი შესაძლებლობები საქართველოში

ინოვაცია, როგორც ეკონომიკის მამოძრავებელი

საქართველოში ინოვაციები და ტექნოლოგიები სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ეკონომიკური ზრდისთვის. 2025 წელს მიღებული „ინოვაციების შესახებ“ კანონი და ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა ქმნის გარემოს, სადაც ახალბედა კომპანიებს შეუძლიათ იდეიდან საერთაშორისო ბაზრამდე გზა ბევრად სწრაფად გაიარონ.

 კომპანიის მიერ ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მიღება

სტატუსის მისაღებად, კომპანია უნდა ქმნიდეს ინოვაციურ პროდუქტს, ახორციელებდეს ინოვაციურ პროცესს ან მომსახურებას და ბოლო ორი წლის განმავლობაში მოიპოვოს მნიშვნელოვანი ინვესტიცია ან სახელმწიფო გრანტი. აუცილებელია ფინანსური გამჭვირვალობა და საგადასახადო დავალიანების არქონა. სტატუსი ენიჭება ერთი წლით, თუმცა გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში მისი გახანგრძლივება შესაძლებელია, მაქსიმუმ 10 წლამდე.

აქსელერაციის სამფაზიანი პროგრამა

პროგრამა მოიცავს სამ ეტაპს:

  1. იდეის დახვეწა და ბაზარზე გასვლის სტრატეგია – მენტორების დახმარებით ბიზნესმოდელის ჩამოყალიბება.
  2. პროდუქტის ოპტიმიზაცია – მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტის (MVP) განვითარება და მომხმარებელთა უკუკავშირის გამოყენება.
  3. გლობალური ზრდა – გაყიდვების სტრატეგიის განხორციელება და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლა.

მეორე და მესამე ფაზაში ჩართულ კომპანიებს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობს – 50,000 ან 150,000 ლარის ოდენობით.

საგადასახადო და სხვა სარგებელი

ინოვაციური სტარტაპები სარგებლობენ საგადასახადო შეღავათებით: საწყის წლებში საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება, შემდეგ ეტაპებზე კი შემცირებული განაკვეთები როგორც ხელფასებზე, ისე მოგებაზე. ეს კომპანიას აძლევს საშუალებას, მეტი რესურსი მოახმაროს ზრდასა და განვითარებას.

ინოვციური მცირე და საშუალო კომპანია

საქართველოს კანონმდებლობით, ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსის მინიჭება ხორციელდება გარკვეული კრიტერიუმების შესაბამისად, რაც მიზნად ისახავს ქვეყანაში ინოვაციური საქმიანობის წახალისებასა და კვლევა-განვითარების ხელშეწყობას.

1. როგორ საწარმოს შეიძლება მიენოჭოს ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანის სტატუსი?

სტატუსის მიღება შეუძლია მხოლოდ იმ სამეწარმეო საზოგადოებას, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს კანონის — „მეწარმეთა შესახებ“ — საფუძველზე და აკმაყოფილებს ქვემოთ მოცემულ პირობებს.

2. ძირითადი მოთხოვნები

ა) კომპანიამ წინა ფინანსურ წლის განმავლობაში უნდა განახორციელოს ხარჯები კვლევისა და განვითარებისთვის, რომლებიც შეადგენს:

  • არანაკლებ 100000 ლარს;
  • და შეადგენს მინიმუმ 5%-ს იმავე წელს მიღებული შემოსავლების მოცულობისგან.

გარდა ამისა, კომპანიამ უნდა დააკმაყოფილოს ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებიდან მინიმუმ ერთი:

  • კომპანიას გააჩნია პატენტი ან დეპონირებული კომპიუტერული პროგრამა, ხოლო კვლევისა და განვითარების ხარჯები მიმართულია აღნიშნული პატენტით ან პროგრამით შექმნილი პროდუქტის, მომსახურების ან პროცესის განვითარებაზე;
  • კომპანიას აღნიშნული ხარჯები გაწეული აქვს სამეცნიერო -კვლევითი დაწესებულებებისგან ან შესაბამისი სტატუსის მქონე კომპანიებისგან კვლევისა და განვითარების მომსახურების შესასყიდად;
  • ხარჯები აღრიცხულია საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული კვლევა-განვითარების ხარჯების სახელმძღვანელოს შესაბამისად და ისინი მიზნად ისახავს ინოვაციური პროდუქტის, პროცესის ან მომსახურების შექმნას ან გაუმჯობესებას.


ბ) სტატუსის მინიჭების მომენტისთვის კომპანიას არ უნდა გააჩნდეს საგადასახადო დავალიანება, არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში, არ უნდა მიმდინარეობდეს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმე და ის არ უნდა იყოს ლიკვიდაციის პროცესში.


გ) კომპანია უნდა მიეკუთვნებოდეს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ:

  • მესამე კატეგორიის საწარმოებს ან
  • მეოთხე კატეგორიის საწარმოებს.

3. სტატუსის მოქმედების ვადა

ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსი მინიჭების შემთხვევაში ენიჭება უვადოდ.

ძლიერი ეკოსისტემა წარმატებისთვის

დღეს საქართველოში ინოვაციების ეკოსისტემა აერთიანებს სახელმწიფოს, უნივერსიტეტებს, კვლევით ცენტრებს, კერძო ინვესტორებსა და მენტორებს. ეს ერთიანი ძალისხმევა ქმნის პირობებს, სადაც სტარტაპს შეუძლია სწრაფად განვითარდეს და კონკურენცია გაუწიოს გლობალურ ბაზარზე.

სამეცნიერო/ტექნოლოგიური პარკი

სამეცნიერო/ტექნოლოგიური პარკი წარმოადგენს სტრუქტურულ სივრცეს, რომელიც უზრუნველყოფს ხელსაყრელ გარემოს ინოვაციური ეკოსისტემის სხვადასხვა მონაწილეებისთვის - მათ შორის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციებისთვის და ინოვაციური საქმიანობის სუბიექტებისთვის.

პარკის მიზანია ამ სუბიექტებისთვის, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე პროფესიული მომსახურებების უზრუნველყოფა, რაც საშუალებას აძლევს მათ ერთობლივად განავითარონ და სწრაფად დანერგონ ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტები.

ძირითადი ფუნქციები:

  1. თანამშრომლობის ხელშეწყობა - პარკი ქმნის სივრცეს, სადაც აკადემიური და კვლევითი ინსტიტუციები, სტარტაპები და ინოვატორები ურთიერთთანამშრომლობენ და აზიარებენ გამოცდილებას.
  2. ტექნოლოგიური განვითარება - აქ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ახალი ტექნოლოგიების სწრაფად დანერგვას, რაც ინოვაციური პროცესების წახალისებას და გაძლიერებას უწყობს ხელს.
  3. ახალი პროდუქტებისა და სერვისების შექმნა - პარკი ქმნის გარემოს, სადაც იბადება ინოვაციური იდეები, ხდება მათი პროდუქტად გარდაქმნა და ბაზარზე გატანა, რაც ქმნის ეკონომიკურ ღირებულებას და ახალ სამუშაო ადგილებს.

სამეცნიერო/ტექნოლოგიური პარკი არის ერთ-ერთი ძირითადი პლატფორმა, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის ინოვაციური და ტექნოლოგიური პოტენციალის განვითარებას, მეცნიერებისა და ბიზნესის დაკავშირებას და მდგრადი ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერას.

დასკვნა

საქართველოში ინოვაციური სტარტაპების განვითარება სულ უფრო მეტად იქცევა ეკონომიკური ზრდის მთავარ მამოძრავებლად. ახალი საკანონმდებლო ჩარჩო, აქსელერაციის სამფაზიანი პროგრამა და საგადასახადო შეღავათები ქმნის გარემოს, სადაც სტარტაპებს შესაძლებლობა ეძლევათ სწრაფად გაიზარდონ და საერთაშორისო ბაზრებზე გავიდნენ.

ინოვაციური მცირე და საშუალო კომპანიის სტატუსი დამატებით აძლიერებს ინოვაციური საქმიანობის მოტივაციას, ხოლო სამეცნიერო-ტექნოლოგიური პარკი ხელს უწყობს აკადემიის, ბიზნესისა და კვლევითი სექტორის თანამშრომლობას.

ეს ეკოსისტემა ქმნის მყარ საფუძველს, რათა საქართველოში ინოვაციამ და ტექნოლოგიებმა არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ გლობალური მნიშვნელობის წარმატებას მიაღწიოს.

Authors: Svanidze Melano, Iashagyan Oksana

Contact us for detailed information.

Write to lawyer

Attention Journalists: Use of REVERA website materials in publications is only allowed with our written permission.