სესხად განხილული ოპერაციების კაპიტალში შენატანად დაკვალიფიცირების კრიტერიუმები საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების დროს

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 18 დეკემბრის N423 ბრძანებით დამტკიცებულ „საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ ინსტრუქციის“  14¹ მუხლი,  არეგულირებს  საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებთან მიმართებით სესხის კაპიტალში შენატანად კვალიფიცირების საკითხს.

ზემოხსენებული მუხლი ეხება საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებს ან ტრანსფერ ფრაისინგს, კერძოდ, ქართულ კომპანიებს, რომლებიც ბიზნეს ოპერაციებს ახორციელებენ უცხოურ ურთიერთდამოკიდებულ პირებთან ან/და ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიებთან მიუხედავად ურთიერთდამოკიდებულებისა.

ბრძანება განსაზღვრავს კრიტერიუმებს, რომელთა გათვალისწინებაც უნდა მოხდეს, რათა გამოირიცხოს საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების მხარეთა მიერ გაფორმებული ხელშეკრულებით ან/და ფაქტობრივი გარემოებებით სესხად განხილული ოპერაციის  კაპიტალში შენატანად სრულად ან ნაწილობრივ დაკვალიფიცირება.  აღნიშნული კრიტერიუმებია:

  • სესხის ძირის/პროცენტის დაფარვის ფიქსირებული გრაფიკის დადგენა სახელშეკრულებო ურთიერთობით ან/და ფაქტობრივი გარემოებებით, და ამ გრაფიკის საბაზრო პირობებსა და სესხის მიზნობრიობასთან შესაბამისობა;
     
  • პროცენტის დარიცხვის/გადახდის ვალდებულების დადგენა სახელშეკრულებო ურთიერთობით ან/და ფაქტობრივი გარემოებებით, აგრეთვე დადგენა, ფაქტობრივად ხდება თუ არა პროცენტის დარიცხვა/გადახდა;
     
  • ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მოთხოვნის (სესხის ძირის და პროცენტის) დასაკმაყოფილებლად კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულებითი აღსრულების ზომების გამოყენებისა და შესაბამისი პირობების დადგომისას გამსესხებლის მიერ აღნიშნული უფლებით სარგებლობის ფაქტის დადგენა სახელშეკრულებო ურთიერთობით ან/და ფაქტობრივი გარემოებებით;
     
  • გამსესხებლის მოთხოვნის მსესხებლის სხვა კრედიტორებთან მიმართებაში სუბორდინაციის დადგენა სახელშეკრულებო ურთიერთობით ან/და ფაქტობრივი გარემოებებით;
     
  • ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში მსესხებლის მიმართ სხვადასხვა სახელშეკრულებო შეზღუდვების (მათ შორის, აქტივების რეალიზაციასთან დაკავშირებით), ჯარიმის ან/და მოთხოვნის უზრუნველყოფის სხვა საშუალებების გამოყენების და შესაბამისი პირობების დადგომისას გამსესხებლის მიერ აღნიშნული საშუალებით სარგებლობის ფაქტის დადგენა სახელშეკრულებო ურთიერთობით ან/და ფაქტობრივი გარემოებებით;
     
  • მსესხებლის მიერ სასესხო ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობის დადგენა;
     
  • სესხად განხილული ოპერაციის განხორციელებისას ექცევა მსესხებლის ფინანსური მაჩვენებლების (მათ შორის, სესხის და კაპიტალის თანაფარდობა) საბაზრო დიაპაზონში მოქცევა;
     
  • სესხის აღების საჭიროების და ხარჯვის მიზნობრიობის დადგენა;
     
  • სესხის ძირის/პროცენტის გადაუხდელობა დათქმულ ვადაში ან/და სესხის ძირის/პროცენტის დაფარვის პერიოდის გახანგრძლივება არაერთჯერადად;
     
  • გამსესხებლისთვის მსესხებლის სტრატეგიულ/საოპერაციო მართვაში მონაწილეობის უფლების მინიჭების და შესაბამისი პირობების დადგომისას გამსესხებლის მიერ აღნიშნული უფლებით სარგებლობის ფაქტის დადგენა სახელშეკრულებო ურთიერთობით ან/და ფაქტობრივი გარემოებებით;
     
  • სესხის გაცემა წილის ფლობის პროპორციულად ან/და ფლობის პირობით;
     
  • სესხის კაპიტალად კონვერტაციის შესაძლებლობა.

აღსანიშნავია, რომ ოპერაციის კვალიფიკაციის შეცვლისთვის აუცილებელია,  ზემოხსენებული კრიტერიუმებიდან  არანაკლებ 3 (სამი)-ის  დაკმაყოფილება., ხოლო ამ სამიდან ერთ-ერთი მაინც უნდა იყოს „სასესხო ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა“ ან/და „მსესხებლის კაპიტალის სტრუქტურა“ (სესხად განხილული ოპერაციის განხორციელებისას ექცევა მსესხებლის ფინანსური მაჩვენებლების (მათ შორის, სესხის და კაპიტალის თანაფარდობა) საბაზრო დიაპაზონში მოქცევა).

აღნიშნული შეფასების შედეგად, საგადასახადო ორგანოს განესაზღვრება ვალდებულება, სესხის კაპიტალში შენატანად კვალიფიცირების შესახებ შეადგინოს შესაბამისი დასკვნა, რომლის სამოტივაციო ნაწილში უნდა მიეთითოს ოპერაციის შინაარსი, არგუმენტაცია და გარემოებები, ოპერაციის კვალიფიკაციის ცვლილების მიზანშეწონილობის თაობაზე.  ოპერაცია ან მისი ნაწილი კვალიფიკაციის შეცვლას ექვემდებარება ამ ოპერაციის განხორციელების მომენტისთვის. 

აღნიშნული რეგულაცია შესაძლებლობას მისცემს მხარეებს წინასწარ თავიდან აიცილონ მოგების გადასახადის გაზრდა და ფინანსური ჯარიმები არასწორად შეტანილი დეკლარაციისა და გადასახადის შემცირებისთვის. 

Author: Iashagyan Oksana

Contact our legal team to learn more

Write to lawyer

Dear journalists, use of material from the REVERA website in publications is only possible with our written permission. 

To approve material, please contact i.antonova@revera.legal or Telegram: https://t.me/PR_revera