საქართველოში ვალის ამოღების გზები
საქართველოში დღეის მდგომარეობით ვალის ამოღების 2 საშუალება არსებობს: გამარტივებული წარმოება, რომელიც მიმდინარეობს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ და სასამართლო წარმოება.
გამარტივებული წარმოება
აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შეთავაზებული გამარტივებული საქმისწარმოება შესაძლებლობას გვაძლებს ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებული დავა მოვაგვაროთ სასამართლო პროცედურების გარეშე, უფრო სწრაფად, ეფექტურად და ნაკლები დანახარჯებით.
გამარტივებული წარმოების დასაწყებად განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს:
- განცხადება (განცხადების ფორმა ხელმისაწვდომია აღსრულების ეროვნული ბიუროს ვებ-გვერდზე);
- ვალის არსებობის დამამტკიცებელი დოკუმენტაცია.
მოთხოვნის წარმოებაში მიღების შემდეგ, აღსრულების ეროვნული ბიურო უშუალოდ, შეტყობინებას გადასცემს მოვალე მხარეს, უხსნის იმ ნეგატიურ შედეგებს რაც მის მიერ ვალის გადაუხდელობას შეიძლება მოჰყვეს საქმის სასამართლოში სასარჩელო წარმოებაში გადაზრდის შემთხვევაში.
შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში მოვალეს შეუძლია ქვემოთ მოცემული ქმედებებიდან ერთ-ერთის არჩევა და შესრულება, კერძოდ:
- სრულად დაფაროს აპლიკანტის მიმართ არსებული დავალიანება;
- დაფაროს დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს;
- განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას;
- წერილობით აღიაროს მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს;
- წერილობით აღიაროს მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს;
- წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ, თუ სურს აპლიკანტთან გადახდის პირობებზე შეთანხმება.
მორიგების პროცესში მხარეებს დაეხმარებიან აღსრულების ეროვნული ბიუროს ქეის-მენეჯერები. რაც შეეხება პროცედურულ მხარეს, მას იწყებს მოვალე მხარე (რესპნოდენტი), მორიგების შესახებ განაცხადის შეტანით, ხოლო აღნიშნულის საფუძველზე ქეის-მენეჯერი იწყებს მორიგების პროცესს, მხარეები თანხმდებიან პირობებზე, მტკიცდება მორიგების პირობები და მორიგების პირობების შესრულებაზე მონიტორინგს ახორციელებს ქეის-მენეჯერი.
ერთი სამართლებრივი საფუძვლით შემოტანილ განცხადებაზე საფასური ფიქსირებულია და შეადგენს 200 (ორასი) ლარს, ხოლო წილობრივი ვალდებულების შემთხვევაში, თუ მოთხოვნა წარდგენილია ერთზე მეტი აპლიკანტის მიერ ან/და მიმართულია ერთზე მეტი რესპონდენტის წინააღმდეგ, სააპლიკაციო საფასური შეადგენს 200 (ორასი) ლარს თითოეულ პირთან მიმართებაში.
გადახდის ბრძანების გამოცემის ან მოვალის მხრიდან მორიგების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აპლიკანტს შეუძლია წინასწარ და წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, მოითხოვოს ბრძანების აღსრულება. ამისთვის, მან აღსრულების მომსახურების საგარანტიო თანხა, მოთხოვნის 2% უნდა გადაიხადოს, რომელიც აღსრულების შემდეგ მას უკან დაუბრუნდება. გადახდის ბრძანების აღსრულებასთან ერთად აპლიკანტს შეუძლია მოითხოვოს რესპოდენტის ქონების მიმართ უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელება, რომლის საფასური თითოეულ ქონებაზე შეადგენს 100 ლარს.
სასამართლო საქმისწარმოება
ვალის ამოღების ერთ-ერთი ხერხია აგრეთვე სასამართლო საქმისწარმოების დაწყება. აქვე აღსანიშნავია, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობის საერთო ვადა არის 10 წელი, ხოლო სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა - სამი წელი.
საქართველოში ვალის ამოღებაზე საქმისწარმოებას უძღვება საქალაქო/რაიონული სასამართლოების სამოქალაქო საქმეთა კოლეგია. ხოლო რაც შეეხება ტერიტორიულ განსჯადობას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ის სარჩელები, რომლებიც გამომდინარეობს სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, წარედგინება ხელშეკრულების შესრულების ადგილის ან იმ ადგილის მიხედვით, სადაც ხელშეკრულება უნდა შესრულებულიყო.
სასამართლო ვალდებულია კანონის შესაბამისად აცნობოს მოვალეს სხდომის დანიშვნის შესახებ. თუ მოვალე არ გამოცხადდება სხდომაზე საპატიო მიზეზის გარეშე, სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება დაუსწრებლად მიიღოს მოსარჩელის მოთხოვნით.
მხარეს, რომელიც არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, უფლება აქვს გაასაჩივროს იგი მიღებიდან 14 დღის ვადაში. თუმცა, თუ დავალიანების ოდენობა არ აღემატება 2000 ლარს, გასაჩივრება შეუძლებელია. საჩივარი განიხილება ექვსი თვის განმავლობაში.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი მიღებიდან 21 კალენდარული დღის ვადაში. უზენაეს სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა ჩერდება. საკასაციო საჩივრის განხილვას უზენაეს სასამართლოში ასევე არაუმეტეს ექვსი თვე სჭირდება. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და შემდგომ გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შედის სასამართლო განხილვის ყველა ეტაპის დასრულების შემდეგ, თუ რომელიმე მხარე არ შეიტანს საჩივარს. თუმცა, კანონი მხარეებს საშუალებას აძლევს წინასწარ შეთანხმდნენ იმ პირობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება მისი კანონიერ ძალაში შესვლამდე.
გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ კრედიტორმა უნდა მიიღოს სააღსრულებო ფურცელი და გადააგზავნოს აღმასრულებელ სამსახურს. სააღსრულებო წარმოების გახსნისთვის ერიცხება სახელმწიფო ბაჟი ვალის თანხის 2%-ის ოდენობით, რომელიც შემდგომში უბრუნდება კრედიტორს აღსრულების დასრულების შემდეგ. სააღსრულებო ფურცელი მოქმედებს 5 წლის განმავლობაში. თუ კრედიტორი უცხოელია, გასათვალისწინებელია, რომ დავალიანება მხოლოდ ქართულ ლარში იქნება აღებული. ამისთვის აუცილებელია საქართველოს ბანკში ანგარიშის გახსნა ან წარმომადგენლის უფლებამოსილება, მიიღოს აკრეფილი თანხები სააღსრულებო სამსახურიდან. ამის გარეშე სააღსრულებო წარმოების გახსნა შეუძლებელია.
თუ სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან ორი წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა დავალიანების ამოღება მოვალის უქონლობის გამო, სააღსრულებო ფურცელი უბრუნდება კრედიტორს. ამ შემთხვევაში უქმდება ყველა სააღსრულებო ღონისძიება, ხოლო ხანდაზმულობის ვადა ჩერდება იმავე საქმეზე ახალი სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე.
თუ მოვალე არის სამეწარმეო სუბიექტი და ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, აუცილებელია გაკოტრების პროცესის განხილვა. გადახდისუუნარობა არის მოვალის შეუძლებლობა, დააკმაყოფილოს კრედიტორების მოთხოვნები, რომელთა ვადა დადგა. კრედიტორს შეუძლია გაკოტრების საქმის წარმოება დაიწყოს, თუ მოვალის მიმართ მიღებულია სასამართლოს არანაკლებ ორი გადაწყვეტილება 50 000 ლარზე მეტი ოდენობით ან თუ მისი ვალდებულებები კრედიტორის მიმართ შეადგენს ყველა მოთხოვნის 30%-ზე მეტს. გაკოტრების პროცესი შეიძლება მოიცავდეს მოვალის ქმედებების გაუქმებას, რამაც ზიანი მიაყენა კრედიტორებს, როგორიცაა უპირატესობის მინიჭება ერთი კრედიტორისთვის, ქონების ნაკლები ღირებულებით გასხვისება ან ვალების პატიება.
ზოგიერთ შემთხვევაში, თუ მოვალის ქმედებები ზიანს აყენებს კრედიტორებს, სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობისთვის მას შეიძლება დაეკისროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა თანამდებობის პირებს ან თავად მოვალეს სსკ-ის 3772 მუხლით.
Author: Iashagyan Oksana
REVERA law group lawyers prepared a guide on debt collection in Belarus, Uzbekistan, Kazakhstan and Poland. If you have any questions - write to us.
Download the guideContact our legal team to learn more
Write to lawyerDear journalists, use of material from the REVERA website in publications is only possible with our written permission.
To approve material, please contact i.antonova@revera.legal or Telegram: https://t.me/PR_revera