ვირტუალური აქტივები საქართველოში: მოწესრიგება და ახალი გამოწვევები პრაქტიკაში

ქართული კანონმდებლობა კრიპტოვალუტას, დღესდღეობით კი უკვე „ვირტუალურ აქტივს“ 2023 წლამდე არ იცნობდა. საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად კრიპტოვალუტა იქცა „ვირტუალურ აქტივად“ და  საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით განისაზღვრა ვირტუალური აქტივის დეფინიცია, რომლის თანახმად, ვირტუალური აქტივი არის ღირებულების ციფრული გამოხატულება, რომელიც არის ურთიერთ-ჩანაცვლებადი და არ არის უნიკალური, წარმოადგენს ციფრული ფორმით გადაცემის ან ვაჭრობის საგანს და გამოიყენება ინვესტირების ან/და გადახდების განხორციელების მიზნით.

ბრძანებაში ასევე ვხდებით ჩანაწერს, რომ ვირტუალური აქტივი არ მოიცავს ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა ფინანსური ინსტრუმენტების ციფრულ გამოხატულებას. ანუ მაგალითისთვის: ქართული ლარი ვირტუალური აქტივის სახით არ შეიძლება იყოს წარმოდგენილი. 

საინტერესოა, რას გულისხმობს უშუალოდ ვირტუალური აქტივის მომსახურება. მარტივად რომ ავხსნათ, ეს მომსახურება მოიცავს ისეთ საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია კონვერტირებად ვირტუალურ აქტივებთან, ანუ ისეთ ციფრულ აქტივებთან, რომლებსაც ფულადი ღირებულება აქვთ და სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოვიყენოთ. ეს მომსახურება შესაძლებელია მოიცავდეს მაგალითად: ვალუტის ან აქტივის გაცვლას – ვირტუალური აქტივის გადაცვლა ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაზე, სხვა ვირტუალურ აქტივზე ან ფინანსურ ინსტრუმენტზე, ვირტუალური აქტივის უსაფრთხო შენახვას და ადმინისტრირებას  მათი შემდგომში გამოყენების მიზნით. ასევე, ვაჭრობის პლატფორმის ადმინისტრირებას – ვირტუალური აქტივების ყიდვა-გაყიდვის პლატფორმების შექმნასა და მართვას. საინტერესოა ისიც, რომ ვირტუალური აქტივის სესხად გაცემა საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად შესაძლებელია. აღნიშნული შეიძლება მიმზიდველი იყოს ისეთი კომპანიებისთვის, რომლებიც უკვე ფლობენ ვირტუალურ აქტივებს და სურთ ფინანსური რესურსების გაზრდა აქტივის გაყიდვის გარეშე, თუმცა ეს თავისთავად დაკავშირებულია გარკვეულ ბიზნეს რისკებთან, რომლებიც უნდა შეფასდეს კომპანიის შიდა პოლიტიკისა და რესურსების გათვალისწინებით.

მომსახურების მახასიათებლებიდან გამომდინარე ლოგიკურია, რომ ვირტუალური აქტივების შენახვის, ვაჭრობისა და მასთან დაკავშირებული სხვა ოპერაციების განსახორციელებლად პირი გარკვეულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. ზემოთაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში, მომსახურების განხორციელების უფლებამოსილ პირად განისაზღვრა „ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი“- საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელიც მომსახურებას ახორციელებს არა საკუთარი თავის, არამედ სხვა პირის სასარგებლოდ. ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და ზედამხედველობის პასუხისმგებლობა დაეკისრა საქართველოს ეროვნულ ბანკს. 

სწორედ ეროვნულ ბანკს უნდა მიმართოს პირმა პროვაიდერად რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმების, სათაო ოფისის განთავსებისა და სხვა ცვლილების დამტკიცებისთვის და  წარუდგინოს საჭირო დოკუმენტაცია, რომელიც „საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებითაა რეგულირებული. საქართველოს ეროვნული ბანკი  60 დღის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის შესახებ, რეგისტრაციის საფასური კი შეადგენს 5,000 ლარს. საკანონმდებლო ცვლილებებიდან ცხადად იკვეთება, რომ  ვირტუალური აქტივების რეგულირება პირდაპირ კავშირშია საქართველოში ფულის გათეთრების პრევენციასთან- ეროვნული ბანკის მოთხოვნების თანახმად, სავალდებულოა პროვაიდერს  ჰქონდეს შიდა პოლიტიკა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის მიზნით. რეგისტრაციის წინ კი პროვაიდერი ვალდებულია დაამტკიცოს, რომ ეს სისტემა უკვე დანერგილი აქვს ან ვირტუალური აქტივის საქმიანობის დაწყებამდე დანერგავს. ლოგიკურიცაა, რომ ფულის გათეთრება მჭიდროდ უკავშირდება ვირტუალურ აქტივებს, უფრო გასაგებად რომ ავხსნათ, ეს აქტივები ხშირად გამოიყენება ტრანზაქციებში, რომელთა მონიტორინგი და რეგულირება ტრადიციულ ფინანსურ სისტემებთან შედარებით უფრო რთულია (მაგალითად, ვირტუალური აქტივების გამოყენებით უმნიშვნელო ტრანზაქციები ხშირად ყურადღებას არ იქცევს და ტრადიციულად არ ხვდება კონტროლის სფეროში). ეს ქმნის გარკვეულ რისკებს, რაც კანონმდებელს უბიძგებს საკანონმდებლო დონეზე განხორციელებული ცვლილებები ხელს უწყობდეს ფულის გათეთრების პრევენციას, განსახილველ შემთხვევაში კი კონკრეტულად ვირტუალური აქტივებით განხორციელებული ტრანზაქციების გამჭვირვალობას და მიკვლევადობას.

პრაქტიკა

იმის გათვალისწინებით, რომ ვირტუალური აქტივების მომსახურების სფეროს მარეგულირებელი აქტები  წინა წელს შევიდა ძალაში, ყოველდღიურობაში უკვე იჩინა თავი სხვადასხვა კითხვებმა.  ერთი რამ ცხადია- საქართველოს ეროვნული ბანკი ცდილობს მკაცრად გაკონტროლდეს ვირტუალური აქტივების გამოყენება, ხოლო პროვაიდერებისთვის აწესებს გარკვეულ ჩარჩოებს, რაც ფინანსური სისტემის გამჭვირვალობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობას ემსახურება.

მაგალითად, შეუძლია თუ არა პირს მომსახურების გაწევის ან/და საქონლის მიწოდების სანაცვლოდ მიიღოს ვირტუალური აქტივი? ან რამდენად კანონიერია ვირტუალური აქტივით გადახდა საქართველოს ტერიტორიაზე?

საქართველოში ვირტუალური აქტივებით გადახდები აკრძალულია, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერაა განსაზღვრული. მარტივი მაგალითის საფუძველზე რომ ავხსნათ, სერვისის პროვაიდერს არ აქვს უფლება მიიღოს კრიპტოვალუტა პირდაპირი გადახდის სახით, როგორც ფული იმ პროდუქტების ან მომსახურების სანაცვლოდ, რომელსაც ის სთავაზობს მომხმარებლებს. ამისგან განსხვავებით, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია მიიღოს საკომისიო იმავე ვირტუალურ აქტივში, რომლის მომსახურებასაც სთავაზობს მომხმარებელს- თუ პროვაიდერი ბიტკოინის გაცვლას ახორციელებს (მაგალითად, მომხმარებელს ბიტკოინს დოლარად ურიცხავს ან პირიქით), მას შეუძლია მომხმარებლისგან თავისი მომსახურებისთვის საკომისიო მიიღოს ბიტკოინით. ანუ ეს უნდა იყოს მხოლოდ მის მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული გადახდა და არა რაიმე სხვა მიზნით მიღებული ვირტუალური აქტივი.

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ ვირტუალური აქტივების საკანონმდებლო დონეზე გარკვეულწილად რეგულირებამ მნიშვნელოვნად გაამარტივა ამ საკითხთან მიმართებით გაჩენილ კითხვებზე პასუხის გაცემა და მანამდე არსებული ბუნდოვანი საკითხების გადაჭრა. საქართველოსთვის ვირტუალური აქტივების მომსახურების სფეროში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები ცალსახად წარმოადგენს წინგადადგმულ ნაბიჯს ქვეყნის ფინანსური უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ.  

მარიამ ზაუტაშვილი

Contact our legal team to learn more

Write to lawyer

Dear journalists, the use of materials from the REVERA website in publications is possible only with our written permission.

To coordinate materials, contact us at e-mail: i.antonova@revera.legal or Telegram: https://t.me/PR_revera.